ისრაელის ქალაქ აშკელონში ორი ხნიერი ქალი დაიღუპა ღაზის მხრიდან სარაკეტო იერიშის შედეგად. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება პოლიციასა და ექიმებზე დაყრდნობით. საავადმყოფოში რამდენიმე ათეული ადამიანი მიიყვანეს სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით.
ორშაბათს ღამით ისრაელის ტერიტორიას 200-მდე რაკეტა ესროლეს. მათი ნაწილი დაიჭირა სისტემა „რკინის გუმბათმა“. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჰამასმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“.
თავის მხრივ ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. პალესტინური მედია იტყობინება, რომ დაიღუპა ორ ათეულზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისრაელის მხარე ამტკიცებს, რომ დამიზნებით ესროდა რადიკალური დაჯგუფებების ობიექტებს. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლების გვერდით მდებარეობდა.
რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის შესაძლო გამოსახლების გამო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის სასამართლომ. ამან პალესტინელთა უკმაყოფილება გამოიწვია. 7 მაისს მათ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და არმატურის ნაჭრები დაუშინეს.
კონფლიქტის ლოკალიზაციისთვის პოლიციამ მუსლიმებს ტაძრის მთაზე მისვლა აუკრძალა. პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის უშიშროების ძალებმა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ შტურმით აიღო მუსლიმთა მნიშვნელობით მესამე წმინდა სალოცავის, ალ-აქსის მეჩეთის ეზო და ხალხი ძალით აიძულა, დაეტოვებინა ის.
პალესტინელთა გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიდო, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა.
ისრაელი და პალესტინური ავტონომია ერთმანეთს აბრალებენ კონფლიქტის ესკალაციას. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
დაწერეთ კომენტარი