Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, ღაზის სექტორში 35 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი - 5


ისრაელსა და რადიკალურ დაჯგუფება ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებების შედეგად გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას კი 5 ადამიანი ემსხვერპლა - იტყობინება სააგენტო Reuters.

სააგენტოს თანახმად, ოთხშაბათს გამთენიისას ისრაელმა ასობით საჰაერო დარტყმა განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ და პალესტინის სხვა შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს თელ ავივს და ბეერ შევას.

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზაში ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, მეორე კი ძლიერ დაზიანდა,- აღნიშნავს მედია, რომლის ცნობითაც ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ შენობაში განთავსებული იყო ჰამასის დაზვერვის ცენტრი და დასავლეთ სანაპიროს სარდლობა.

Reuters-ის თანახმად, ისრაელი იტყობინება, რომ ოთხშაბათს გამთენიისას საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულია ჰამასის დაზვერვის რამდენიმე ლიდერი, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ასევე რაკეტების გაშვების მოედნებსა და ჰამასის ოფისებზე.

რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის შესაძლო გამოსახლების გამო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის სასამართლომ. ამან პალესტინელთა უკმაყოფილება გამოიწვია. 7 მაისს მათ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და არმატურის ნაჭრები დაუშინეს.

კონფლიქტის ლოკალიზაციისთვის პოლიციამ მუსლიმებს ტაძრის მთაზე მისვლა აუკრძალა. პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის უშიშროების ძალებმა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ შტურმით აიღო მუსლიმთა მნიშვნელობით მესამე წმინდა სალოცავის, ალ-აქსის მეჩეთის ეზო და ხალხი ძალით აიძულა, დაეტოვებინა ის.

პალესტინელთა გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიდო, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა.

ისრაელი და პალესტინური ავტონომია ერთმანეთს აბრალებენ კონფლიქტის ესკალაციას. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG