Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ქაბულის მახლობლად მდებარე რაიონი დაიკავა დღესასწაულამდე გამოცხადებული ზავის წინ


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თალიბანმა, ქაბულიდან 40 კილომეტრში დაიკავა სტრატეგიული რაიონი 10 მაისს გამოცხადებული სამდღიანი ზავის წინ, რომელიც ეიდ ალ-ფითრის სამდღიანი დღესასწაულის გამო შეათანხმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თარეღ არიანის თანახმად, „უშიშროების და თავდაცვის ძალებმა ტაქტიკური უკანდახევა განახორციელეს პოლიციის შტაბბინებიდან ნერხის რაიონში, აშშ-ის და საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლის ფონზე. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ფაუად ამანმა განაცხადა, რომ რაიონის უკან დასაბრუნებლად ხდება ძალების მობილიზება.

მაიდან უარდაქის პროვინციაში მდებარე ნერხის რაიონზე, ქაბულიდან დასავლეთში, გადის ქვეყნის მნიშვნელოვანი გზატკეცილები. მაიდან უარდაქის დიდ მონაკვეთებს და მეზობელ ლუგარის პროვინციას წლების განმავლობაში იყენებდა თალიბანი ქაბულზე იერიშებისთვის.

ნერხის რაიონის დაკავება მოხდა მას მერე, რაც თალიბანმა და ავღანეთის მთავრობამ 10 მაისს გამოაცხადეს სამდღიანი ზავის შესახებ ეიდ ალ-ფითრის სამდღიანი დღესასწაულის წინ, მუსლიმების წმინდა თვე რამადანის ბოლოს.

თალიბ მეომრებს გაეცათ განკარგულება, „ქვეყნის მასშტაბით დროებით შეაჩერონ ყველა მოიერიშე ოპერაცია მტრის წინააღმდეგ ეიდ ალ-ფითრის პირველიდან მესამე დღის ჩათვლით“, რათა ხელი შეუწყონ „მშვიდობიან და უსაფრთხო ატმოსფეროს“ და ხალხმა დღესასწაულის აღნიშვნა შეძლოს, ნათქვამია თალიბანის განცხადებაში.

ეიდ ალ-ფითრი 12 ან 13 მაისს იწყება იმის მიხედვით, თუ როგორ გამოჩნდება ახალი მთვარე.

თალიბანის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობამ თალიბანს ბრალი დასდო ქაბულში გოგონათა სკოლის წინააღმდეგ იერიშის განხორციელებაში. 8 მაისს მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 100-მდე დაიჭრა. თალიბანმა უარყო მომხდართან კავშირი და დაგმო ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG