Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა პარლამენტმა უარყო მოთხოვნა სამხედრო დამნაშავეებისთვის ჯილდოების გაუქმების შესახებ


გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ვალენტინ ინცკო
გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ვალენტინ ინცკო

ბოსნია-ჰერცეგოვინის უპირატესად სერბული ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის, პარლამენტმა უარყო ქვეყნის საერთაშორისო მეთვალყურის მოთხოვნა, გაეუქმებინა ომის დამნაშავეებისთვის მინიჭებული ჯილდოები. 11 მაისს, ამ პოლიტიკური ერთეულის ეროვნულ ასამბლეაზე, კანონმდებლებმა ხმა მისცეს იმ დასკვნების დამტკიცებას, რომლებიც უარყოფდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში უმაღლესი წარმომადგენლის, ვალენტინ ინცკოს, მოთხოვნას.

ამ ნაბიჯის მიმართ ინცკოს პირველი რეაქცია ის იყო, რომ მან ნაციონალისტი ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს "მხდალი" უწოდა და განაცხადა, რომ შეატყობინებდა ევროპის კავშირს კანონმდებელთა გადაწყვეტილების შესახებ.

თებერვალში ინცკომ წერილობითი თხოვნით მიმართა სერბეთის რესბუბლიკის ეროვნულ ასამბლეას, 1992-95 წლების ბოსნიის ომში ჩადენილ საომარ დანაშაულებებში ბრალდებულთათვის გაცემული ჯილდოების სამი თვის განმავლობაში ანულირების შესახებ.

დაჯილდოებულთა შორის არიან რადოვან კარაჯიჩი, მომჩილო კრაიშნიკი და ბილიანა პლავშიცი, რომელთა ქმედებებმა "შოკი მოჰგვარეს მსოფლიოს ... და წარმოუდგენელი ადამიანური ტანჯვა მიაყენეს სხვებს", დაწერა ინცკომ.

დოდიკი ბოსნიის სამნაწილიანი პრეზიდიუმის სერბი წევრია.

პარლამენტში მმართველ უმრავლესობას მისი - დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების - ალიანსი უდგას სათავეში.

ბოსნიის კონფლიქტი, რომელშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დასრულდა 1995 წელს, შეერთებული შტატების შუამდგომლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით, რის შედეგადაც ბოსნია ორ ერთეულად გაიყო - მაჰმადიანურ და ხორვატიულ ფედერაციად და სერბთა რესპუბლიკად, რომელთაც ერთობლივი ცენტრალური ინსტიტუტები აერთიანებს.

კარაჯიჩი, კრაიშნიკი და პლავშიჩი ომის დანაშაულების გამო გასამართლებულ იქნენ საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG