Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის დეპუტატთა უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნევს არჩევნების შემსწავლელ კომისიას


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საჭირო აღარ არის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„შეთანხმება დადებულია, ნაწილი ოპოზიციის პარლამენტშია, ნაწილს ველოდებით, შემოდიან. რამდენად არის აქტუალური საგამოძიებო კომისიის შექმნა ისევ იმ თემასთან დაკავშირებით?! ჩვენ ახლა უფრო შერიგებისკენ მივდივართ ამ დოკუმენტის მიხედვით და არა გამწვავებისკენ“, - განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

"მოქალაქეების" დეპუტატ ლევან იოსელიანის შეფასებით, პარლამენტმა ამ კომისიაზე უარი უნდა თქვას, რადგან მიშელის შეთანხმების "პოლიტიკური დედააზრია არ გავარჩიოთ მტყუან-მართალი" და კონცენტრაცია მოხდეს რეფორმებზე და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე. ამიტომ, იოსელიანისთვის გაუგებარია, რისი მიღწევა უნდა "ქართულ ოცნებას".

ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიშელის დოკუმენტით მიღწეული პოლიტიკური შედეგის ფონზე კომისიის მუშაობა მიზანშეწონილი არ არის: "თუმცა, თუ უმრავლესობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, ეს მისი ნებაა. ჩვენ ვკონცენტრირდებით შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში შეჯერებული სამოქმედო გეგმით, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმასაც, მართლმსაჯულების სისტემასაც, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებასაც, რასაც ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებული თემები ფარავდა აქამდე".

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიით არჩეული რესპუბლიკელი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, არჩევნების გაყალბების საკითხი არავის დავიწყებია, მაგრამ ეს თემა გვერდით გადაიდო და თუ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხლ სურს პროცესში დისონანსის შეტანა, ეს საზოგადოებაში პრობლემას შექმნის. სამნიძე მიიჩნევს, რომ ამ კომისიას და მის დასკვნას ნდობა არ ექნება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გასაკვირი უწოდა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ:

„ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მეშვიდე თვეა ამტკიცებდით, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, რომ შეუძლებელია ამ ქვეყანაში რაიმე პროგრესზე იყოს საუბარი და მთელ საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში ამის თაობაზე დილიდან საღამომდე ათასგვარ გზავნილს უგზავნიდით და არწმუნებდით ამაში, დღეს გვეუბნებით, რომ რა საჭიროა ამ კომისიის შექმნა და ამის საფუძვლად მოგყავთ შარლ მიშელის დოკუმენტი“.

მიქანაძის განცხადებით, კომისიის მუშაობა არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის მიშელის დოკუმენტთან. "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ რადგან თვეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე, შესაბამისი მტკიცებულებები კომისიაში წარმოადგინონ.

არჩევნების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში, რომელიც 17 თებერვალს შეიქმნა, ოპოზიციიდან წარმოდგენილი არიან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. დღეს პარლამენტმა კომისიას უფლებამოსილების ვადა უნდა გაუგრძელოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG