Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ცხინვალმა „საზღვრის დამრღვევთა" სტატისტიკა გამოაქვეყნა


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ბოლო ერთ თვეში გამყოფ ხაზთან 42 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აპრილში დაკავებულთა რაოდენობა, მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია. „სასაზღვრო სამსახურმა რესპუბლიკის საზღვრის 42 დამრღვევი დააკავა, მაშინ, როდესაც მარტში იგივე მაჩვენებელი იყო 28", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულთა შორის 13 პირი ე.წ. საზღვრის დამრღვევია; ხოლო, 29 მოქალაქე - „სასაზღვრო რეჟიმის" დამრღვევი.

„დაკავებული 42 პირიდან 31 ადამიანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 5 მოქალაქე გაძევებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საჯარიმო სანქციის გარეშე, სამი მოქალაქე უკანონო საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილეს", - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე საქართველოს 5 მოქალაქეს დაურღვევია საოკუპაციო გამყოფი ხაზი და ისინი ჯარიმის გადახდის გარეშე გაუთავისუფლებიათ. სხვა შემთხვევებში კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ ე.წ საზღვრის, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოკვეთის მცდელობა ან ე.წ სასაზღვრო ზონაში უკანონოდ იმყოფებოდნენ და საოკუპაციო ძალებმა ისინი დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს ან გააფრთხილეს.

დე ფაქტო უშიშროება ე.წ რესპუბლიკიდან გაძევებულებში საქართველოს იმ მოქალაქეებს გულისხმობს, რომლებმაც ოკუპაციის ხაზი დაარღვიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG