Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე გაათავისუფლა


ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„[დაკავების] ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა“, - აცხადებს სუს-ი.

ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2020 წლის ზაფხულში დააკავეს. ხეთერელი ამ ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG