Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში შესაძლებლად მიიჩნევენ ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლას რუსეთში დაკავებულ უკრაინელებში


უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი, შესაძლებლად მიიჩნევს ვერხოვნა რადის სახალხო დეპუტატის, სახელმწიფო ღალატის გამო შიდა პატიმრობაში მყოფი, ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლას რუსეთში მსჯავრდებულ უკრაინელებში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ერთ-ერთ სატელვიზიო პროგრამაში აღნიშნა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა მედვედჩუკის ან მისი პარტიის სხვა რომელიმე წევრის გაცვლა მათი გასამართლების შემდეგ რუსეთის საპატიმროებში მყოფ უკრაინელებში.

„ასეთ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ღებულობს, მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ამას სიამოვნებით გავაკეთებთ“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა და დასძინა, რომ სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი მედვედჩუკის საქმეზე.

კიევის პეჩორსკის რაინულმა სასამართლომ 13 მაისს შიდა პატიმრობა მიუსაჯა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „სიცოცხლისათვის პლატფორმის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც პროკურატურის მიერ ბრალდებულია „სახელმწიფოს ღალატში“.

მედვედჩუკი, კერძოდ, ბრალდებულია ანექსირებული ქერჩის მახლობლად გზისა და ნავთობის მოპოვების საქმეზე რუსეთთან შეთქმულებაში და ასევე რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

საქმეში ფიგურირებს „ვერხოვნა რადის“ კიდევ ერთი დეპუტატი, ტარას კოზაკი, რომელიც ამჟამად რუსეთში უნდა იმყოფებოდეს.

ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. უკანასკნელ წლებში ის არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას ხვდებოდა. მედვედჩუკს პუტინის ნათლიმამას უწოდებენ - რუსეთის პრეზიდენტი მისი ქალიშვილის ნათლია იყო.

მანამდე უკრაინის უშიშროების საბჭომ მედვედჩუკისა და კოზაკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. კერძოდ, ეთერიდან გათიშეს სამი ტელეარხი, რომელთა უკან მედვედჩუკი დგას.

ვიქტორ მედვედჩუკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს 12 მაისს „უკრაინის შიდა საქმე“ უწოდა რუსეთის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესებში, უკრაინის ამ შიდა საქმეში ჩარევას, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამის უკან არ დგას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაღაც კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა პესკოვმა 12 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG