Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ისრაელის სოლიდარობის აქცია


თბილისში დღეს ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და ინიციატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხისადმი სოლიდარობა მძიმე დღეებში მნიშვნელოვანია.

„ისრაელი არის ტერორისტული თავდასხმის ქვეშ. ისრაელის მიმართულებით გაშვებულია, შეიძლება ითქვას, ათასობით ჭურვი, რაკეტა“, - უთხრა მედიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ბერშტეინმა. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სამართლიანი, თავდაცვითი ბრძოლის მხარდაჭერა ცივილიზებული სამყაროს მიერ.

„თქვენ იცით, რომ საქართველომ გამოხატა პოზიცია ისრაელის მხარდამჭერი და ჩვენ არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფი გახდა ინიციატორი, რომ დღეს გაემართა ეს აქცია, რომელიც არის, ვფიქრობ, გამოძახილი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსი. ჩვენ სოლიდარულები ვართ ისრაელის სახელმწიფოსი ასეთ მძიმე ჟამს“, - განაცხადა მან.

დღესვე ისრაელის მხარდამჭერა ევროპის მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა გამოხატეს ბათუმშიც.

ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

"REUTERS"- ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზაში დაღუპულია 181 ადამიანი, რომელთაგანაც 47 ბავშვია. 10 დაღუპულის შესახებ იტყობინება ისრაელი, რომელთა შორის 2 ბავშვია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 მაისს განაცხადა, რომ პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ „ამჟამად მიმდინარე კამპანია გაგრძელდება იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების ფონია სიმშვიდის აღდგენისკენ ვაშინგტონისა და გაეროს მოწოდებები. „თქვენ ვერ დაიმალებით ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ. ხელშეუხებელი არავინაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პალესტინელი ექსტრემისტების მისამართით მას შემდეგ, რაც 15 მაისს ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად გაანადგურეს „ჰამასის“ მეთაურები და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც, ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორს აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG