Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UNICEF-ის ხელმძღვანელმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინები შესწირონ COVAX-ს


UNICEF-ის ხელმძღვანელმა 17 მაისს „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის ვაქცინა შესწირონ ვაქცინების განაწილების პროგრამა COVAX-ს, რათა ღატაკ ქვეყნებს დაეხმარონ ვაქცინის დეფიციტის დაძლევაში. UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორმა განაცხადა, რომ ზედმეტი დოზების შეწირვა არის „მინიმალური, ძირითადი და საგანგებო სასწრაფო ზომა და ის ახლავეა აუცილებელი“.

ფორის თქმით, „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირს შეუძლიათ დაახლოებით 153 მილიონი დოზის შეწირვა, თუკი ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გაიღებენ მათთვის ხელმისაწვდომი რაოდენობის მხოლოდ 20%-ს. ფორმა თქვა, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ისე, რომ მაინც შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.

ფორმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი ემზადება COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების უდიდესი ნაწილის შემსუბუქებისთვის. 17 მაისიდან კვლავ ნებადართული იქნება ლუდხანაში ნახევარი ლიტრი ლუდის დალევა, რესტორნის შიგნით საჭმლის მირთმევა, კინოში წასვლა და შენობაში 30-მდე ადამიანის შეკრება.

ამასობაში ინდოეთში კორონავირუსით ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 281 386-ს მიაღწია. ამ პერიოდში გარდაიცვალა 4106 ადამიანი. ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 მილიონამდეა, რაც მსოფლიოში მეორე მაჩვენებელია აშშ-ის შემდეგ. პანდემიის პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ ინდოეთში 274 390-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG