Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე შეზღუდვების შემსუბუქების მიზეზებს განმარტავს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, „კომენდანტის საათის“ ორი საათით გვიან ამოქმედების და შაბათ-კვირას კაფეებისა და რესტორნების ღია სივრცეების ამუშავების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

„პირველი ის, რომ როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზირებით, ჩვენ ეხლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდზე გავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კლების ტენდენცია როგორც ინფიცირების მაჩვენებლის, ისე დადებითობის“.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვაა დათბობასთან ერთად ღამის კარანტინის გამო, ამიტომ მოძებნილი უნდა ყოფილიყო ოქროს შუალედი: „სრული შემსუბუქება დაუშვებელია ჯერჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ასევე, გათვალისწინება მოსახლეობის განწყობის. ამიტომ, ეს ოქროს შუალედი მოიძებნა, რომ შემცირდა ღამის კარანტინის ხანგრძლივობა“.

გამყრელიძის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ შემსუბუქებასთან ერთად კიდევ უფრო გამკაცრდეს მოქმედი შეზღუდვების კონტროლი და მონიტორინგი, განსაკუთრებით დიდ თავშეყრებზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, შაბათ-კვირას მუშაობას შეძლებენ კაფეების და რესტორნების დახურული სივრცეებიც, რადგან საქართველოში უკვე დაიწყო ტურისტული სეზონი.

საბჭოს სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება იმითაც ახსნა, რომ ამ შემთხვევაში, აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე სივრცეში: „გარე სივრცე უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ზაფხულში, როცა მეტი არის გარე სივრცეში აქტივობა, ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდას ეს, რა თქმა უნდა, აბალანსებს“.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ საქართველოში გადაადგილება 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან შეიზღუდება. შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე. გარდა ამისა, კაფეები და რესტორნები სტუმრებს შაბათ-კვირასაც მიიღებენ, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეებში.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა თებერვალში მუშაობა გააახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა, მარტიდან კი გაიხსნა დახურული სივრცეებიც.

საქართველოში "კომენდანტის საათიც" ნოემბრის ბოლოდან მოქმედებს. როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად აკრძალვის დარღვევა 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG