Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება დმანისის შესასვლელთან: „პირველი არხის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ


ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს დმანისის შესასვლელთან, რომელიც სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ.

როგორც „პირველი არხი" იუწყება, დაპირისპირებაში მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ მათ გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

დმანისიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით პოლიციას სამანქანო გზა აქვს გადაკეტილი - გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს მთელ მუნიციპალიტეტში. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია იმ მოტივით, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში არ შევიდნენ არაადგილობრივი პირები, რომლებიც მიმდინარე დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებენ. პოლიცია ატარებს სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს, სამთავრობო ეკიპაჟებს, დისტრიბუციის მანქანებს.

17 მაისს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG