Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება" ოპოზიციასთან შეთანხმებაზე: ცესკო-ს თავმჯდომარის ერთი მოადგილე ოპოზიციიდან იქნება


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს ელაპარაკა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ცესკო-ს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ოპოზიციიდან იქნება. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე.

„ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით, რომ იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, ამაზე შევთანხმდით. იქნება ორი მოადგილე - პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურებს. ამიტომ ეს არის ყველა შემთხვევაში უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

„ლელო"-ს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას ამა თუ იმ პუნქტის შესახებ განსხვავებული ხედვები აქვთ. მიუხედავად ამისა, დეპუტატი დადებით ტენდენციას ხედავს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას, იქნება პარლამენტში პირველი, მეორე მოსმენა, ცვლილების შეტანის საშუალება იქნება. ახლა ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მაგრამ მთლიანობაში, ამ მომენტში შეთანხმება ისეთია, რომ ეს ასახავს ძირითადად იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

18 მაისს იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრა საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG