Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო მსჯავრდებულების ვაქცინაცია


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსჯავრდებულების ვაქცინაცია 18 მაისს სამ დაწესებულებაში დაიწყო. დღეს გეგუთის #14, გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები აიცრებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს.

„დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში - 120, ხოლო რუსთავში - 30. ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები“, - აღნიშნავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რომლის თანახმად ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

15 მარტიდან 17 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ აცრილია 89 260 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია სამი წარმოების ვაქცინით მიმდინარეობს. "სინოფარმი" ერთადერთი ვაქცინაა, რომლით აცრაც 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეუძლია, "ასტრაზენეკათი" აცრა მხოლოდ 45 წელს გადაცილებულ პირებს ან სამედიცინო პერსონალს შეუძლია, "ფაიზერზე" კი მხოლოდ მეორე დოზებია დარჩენილი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში აცრა "სინოფარმის" ვაქცინით მოხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG