Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოში ნეგატიური მოვლენა უწოდეს ანტიოქიის პატრიარქის მიერ ასლან ბჟანიას მიღებას


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტი უწოდა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, საკუთარ რეზიდენციაში ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას მიღებას „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის“ სტატუსით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, - განაცხადა დეკანოზმა საპატრიარქოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ანდრია ჯაღმაიძის თანახმად, ეს კომუნიკაცია „დღის განმავლობაში, ალბათ, რაღაც ფორმას შეიძენს“.

სირიის დედაქალაქში მყოფი ასლან ბჟანიას და ანტიოქიის პატრიარქ იოანეს შეხვედრის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ანტიოქიის საპატრიარქოს ფეისბუკზე 18 მაისს გამოქვეყნდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ე.წ. მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად, სირიაში „ოფიციალური ვიზიტით“ 16 მაისს ჩავიდა. იგი შეხვდა სირიის პრეზიდენტ ასადს და პრემიერ-მინისტრ არნუსს.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG