Accessibility links

site logo site logo

20 მაისს იწყება "სინოფარმის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია აცრის 22-28 დღის ინტერვალში მსურველთათვის


ხვალ, 20 მაისს 12 საათიდან იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზის მიღებიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს „სინოფარმის“ მეორე დოზით ვაქცინაცია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებების არჩევას სურვილისამებრ შეძლებენ.

„აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - ატყობინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს.

„სინოფარმის“ მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ვაქცინაცია პირველი აცრიდან 21-ე დღეს სურდათ, 12 მაისიდანაა შესაძლებელი. დოზებს შორის ინტერვალი „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 21-28 დღეა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია - 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო. აცრა 4 მაისიდან დაიწყო და ვაქცინაციისთვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გამოყოფილი ადგილები საკმაოდ სწრაფად შეივსო.

დღევანდელი მდგომარეობით, აცრა შესაძლებელია ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, თუმცა, მხოლოდ 45 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის.

უკვე ამოწურულია ამერიკული „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები (29500), რომლითაც მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იცრებოდნენ.

18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს აცრა შეუძლიათ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით, თუმცა, ამ ეტაპზე ახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ე.წ. სტრატეგიული ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ორგანიზებულად იცრებიან.

საქართველოში იგეგმება ვაქცინაციის დაწყება კიდევ ერთი ჩინური, „სინოვაკის“ ვაქცინით, რომლის 100 000 დოზა ქვეყანას ჩინეთმა აჩუქა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 19 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 97 153 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG