Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ე.წ გენერალური პროკურორი ჰყავს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა 19 მაისს გამართულ სხდომაზე დე ფაქტო გენერალური პროკურორის პოსტზე მაგომედ ბაგაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ბაგაევმა ამ თანამდებობაზე ურუზმაგ ჯაგაევი შეცვალა. დე ფაქტო პარლამენტმა 13 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ ჯაგაევის გადაყენების მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატს ვიტალი სავჩენკოს მხარი აღარ დაუჭირა. ბიბილოვმა 11 მაისს უკვე მეორე კანდიდატი წარუდგინა პარლამენტს. ოსური მედიის ცნობით მაგომედ ბაგაევს ე.წ დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

მანამდე ბაგაევი ე.წ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მაგომედ ბაგაევი 43 წლისაა. იგი დაიბადა ჯავის რაიონში, 2001 წელს დაამთავრა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი. 2003 წელს დასაქმდა პროკურატურაში, დაიწყო სტაჟიორობით და თხუთმეტი წლის განმავლობაში ე. წ. გენერალური პროკურორის მოადგილედ დაწინაურდა. ამჟამად კი უკვე დე ფაქტო გენერალური პროკურორი გახდა. მან დეპუტატებს აღუთქვა, რომ მკაცრი და სამართლიანი იქნება კანონის და კანონიერების დაცვის თვალსაზრისით. დღევანდელ სხდომაზე დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობამ ორი ე.წ დეპუტატისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე უარი თქვა.

გასული წლის სექტემბერში დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ დე ფაქტო პარლამენტს დავით სანაკოევის და ალექსანდრ პლიევის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართა, რათა მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყო. სანაკოევს გამოძიება წილისწამებას, ხოლო პლიევს ყალბი დოკუმენტაციის დამზადებას ედავება. დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობამ ოპოზიციონერ ე.წ კოლეგებს იმუნიტეტი შეუნარჩუნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG