Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ „მნიშვნელოვან დეესკალაციას“ მოელის ღაზის კონფლიქტში


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში. 2016 წ. 9 მარტის ფოტო.
ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში. 2016 წ. 9 მარტის ფოტო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის „მნიშვნელოვან დეესკალაციას“ მოელის ღაზის კონფლიქტში, რომელიც მეათე დღეა გრძელდება.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო, ბაიდენი მეოთხედ ელაპარაკა ნეთანიაჰუს. როგორც თეთრი სახლის 19 მაისის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მას სურს „გზა დაზავებისკენ“.

აშშ, რომელიც ისრაელის ერთგული მოკავშირეა, აცხადებს, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები არ დაეხმარება დეესკალაციას.

მაშინ, როცა გრძელდება რადიკალი პალესტინელების მხრიდან ისრაელზე, ისრაელის მხრიდან კი ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეუძლებელია ამ სამხედრო ოპერაციისთვის ვადების დაწესება.

ისლამისტურმა ორგანიზაცია ჰამასმა, რომელიც აკონტროლებს ღაზას, განაცხადა, რომ ვისაც სიმშვიდის აღდგენა სურს, უნდა „დაარწმუნოს ისრაელი, რომ შეწყვიტოს იერუსალიმში თავისი აგრესია და [ღაზის] დაბომბვა“. „მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, შესაძლოა გაჩნდეს სივრცე მშვიდობის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებისთვის,“ განაცხადა ჰამასის წარმომადგენელმა ჰაზემ ყასამმა.

შეტაკებები 10 მაისს დაიწყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მზარდი დაძაბულობის შემდეგ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში. კულმინაციად იქცა შეტაკებები ტაძრის მთის რაიონში, რომელიც წმინდა ადგილია მუსლიმებისთვისაც და ებრაელებისთვისაც. ჰამასმა ისრაელს რაკეტები დაუშინა მას შემდეგ, რაც გააფრთხილა ის, დაეტოვებინა ტაძრის მთა. ამას მოჰყვა ისრაელის საპასუხო საჰაერო და საარტილერიო დარტყმები.

როგორც პალესტინელთა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იტყობინებიან, ღაზაში ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ისრაელის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მინიმუმ 150 რადიკალი პალესტინელი მებრძოლია. ისრაელის ხელისუფლების თანახმად, ჰამასის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის მხარეს დაიღუპა 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG