Accessibility links

site logo site logo

აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეულ ოპოზიციონერებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ არჩეულ 6 დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყდა. ელგუჯა ბაგრატიონმა, გიორგი კირთაძემ, გია აბულაძემ, მედეა ვასაძემ, მამული სურმანიძემ და ლევან ანთაძემ უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიმართეს, საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა კი დღეს ჩატარდა.

„ქართული ოცნების“ 13-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ერთმა - ცოტნე ანანიძემ კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა. ის ოპოზიციური ბლოკიდან არჩეული ერთადერთი დეპუტატია, რომელიც უმაღლეს საბჭოში მუშაობას დათანხმდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 21-წევრიან საბჭოში 14 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ოპოზიციურმა ბლოკმა "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და უმაღლეს საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადა. ბლოკის სიით არჩეულმა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება 16 დეკემბერს მიიღო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნებით დღეს ისეთივე გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ 2021 წლის თებერვალში.

2021 წლის 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყეს „ლელოს“, „გირჩის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატებმა და „ევროპული საქართველოს“ სიით არჩეულმა ცალკეულმა წევრებმა. ამ ეტაპზე პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკი და "ლეიბორისტული პარტია".

მიშელის დოკუმენტის საფუძველზე საპატიმრო დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" მეწილემ, გიორგი რურუამ. დოკუმენტი ითვალისწინებს საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებასაც და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG