Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში შექმნილ COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტზე დღეს თბილისში ილაპარაკეს


COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი EXO-CD24 იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დღეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ილაპარაკეს თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა, COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნადირ არბერმა, ქართველმა ექიმებმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

EXO-CD24 ისრაელში რამდენიმე თვის წინ შექმნეს. მკვლევრების ჯგუფს ნადირ არბერი ხელმძღვანელობდა. ისრაელის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა განმარტებით, პრეპარატი როგორც დამაკმაყოფილებელ, ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება".

ნადის არბერის თანახმად: „კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“. თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლის ამ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რადიო თავისუფლება მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხზე ისრაელის საელჩოს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ისრაელის საელჩო არ იყო ჩართული და ინფორმირებული ამ შეხვედრის შესახებ.

"დარწმუნებული ვართ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ორმხრივი თანამშრომლობის მხარდაჭერას ოფიციალურად მიღებული დიპლომატიური არხებით გააგრძელებს" - აღნიშნავს საელჩო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG