Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს გადასცა საქმის მასალების 12 ტომი


პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს გადასცა საქმის მასალების 12 ტომი, რომელიც მათ, როგორც ამ საქმეზე დაზარალებულების სტატუსის მქონე პირებმა, 2021 წლის 12 აპრილს მოითხოვეს. დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი 2015 წლიდან აქვთ, თუმცა ამ დრომდე საქმის მასალების გაცნობა მათ მხოლოდ პროკურატურაში შეეძლოთ.

„უზარმაზარი მასალაა, ეს არის ის ყველაფერი, რაც შეაგროვა პროკურატურამ 2012 წლიდან მოყოლებული. არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენებები, ამონაწერები სატელეფონო სადგურების და საბანკო ანგარიშებიდან, ვიდეომასალა და სხვა ბევრი რამ. ჩვენი ადვოკატი იმედოვნებს, რომ ეს მასალები ძალიან წაადგება იმ სამოქალაქო დავას, რაც ახლა ჩვენ გვაქვს სასამართლოში, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის ამ მასალების მხოლოდ სასამართლოში მკიცებულებებად გამოყენება. გვინდა ფართო საზოგადოებამაც გაიცნოს ეს მასალები - ძალიან დეტალურად არის აღწერილი და იკვეთება ამ მასალებში ზეწოლის, გაკოტრების პროცესი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით დვალმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში დაიბრუნა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. ეს საქმე სასამართლოშია.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG