Accessibility links

site logo site logo

ერთი თვით გახანგრძლივდა შეთანხმება ირანსა და ბირთვულ სფეროში გაეროს ექსპერტებს შორის


რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი

ირანი და გაეროს ბირთვული სააგენტო შეთანხმდნენ, რომ ერთი თვით გაახანგრძლივებენ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს დაკვირვებას ბირთვულ სფეროში თეირანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ეს შეთანხმება მეტ დროს მისცემს მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის ატომური ხელშეკრულების გადასარჩენად.

"აღჭურვილობა, შემოწმება და სადამკვირვებლო მოქმედება, რომლებზეც შევთანხმდით, არსებული ფორმით ერთი თვით გახანგრძლივდება და 24 ივნისს ამოიწურება", - უთხრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს ვენაში 24 მაისს.

IAEA-ში ირანის წარმომადგენელმა, კაზემ ღარიბაბადიმ ტვიტერით დაადასტურა შეთანხმების გახანგრძლივება.

ირანთან 21 თებერვალს მიღწეული, სამთვიანი შეთანხმებით, IAEA-ს უფლება მიეცა შეკრიბოს და გააანალიზოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დამონტაჟებული სადაზვერვო კამერებიდან მოპოვებული მასალები, რომლებიც სააგენტოს იმის დადგენაში ეხმარება, თუ რამდენად ასრულებს თეირანი 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების პირობებს. თუმცა ირანი 23 მაისს აცხადებდა, რომ სადამკვირვებლო შეთანხმებას ვადა გაუვიდა და გაეროს სააგენტოს აღარ ექნებოდა წვდომა კამერების მონაცემებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG