Accessibility links

site logo site logo

კომიტეტმა მოიწონა მმართველი გუნდის წარდგენილი ამნისტიის კანონი


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა კენჭი უყარა ამნისტიის შესახებ წარმოდგენილ ორ კანონპროექტს, რომლებიც 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირების ამნისტირებას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი იყო როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის კანონპროექტები. უმრავლესობამ მხარი მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია.

ამავე კანონმდებლობით, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის (მუხლი 117), წამებისთვის, წამების მუქარისთვის და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლი 1441-1443).

კომიტეტმა არ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის წინადადება, გადაედოთ კანონპროექტის განხილვა იმ დრომდე, სანამ ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტები არ მოამზადებდნენ დასკვნას, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

„ამ საკითხზე მსჯელობა წარმოუდგენელია (მათ შორის, ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებითაც), თუ აქ არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალო ზიანი მიადგათ იმ დღეს, ამ კანონპროექტში კი სიტყვა დაზარალებულიც კი არსად ფიგურირებს, არათუ მათი უფლებების რამე სახით აღდგენა. წარმოუდგენელია სახალხო დამცველის მოსმენის გარეშე გავაგრძელოთ მსჯელობა“,

- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ანა ნაცვლიშვილი ამნისტიის კანონპროექტის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:07:32 0:00

გაურკვევლობა წარმოიქმნა უშუალოდ კენჭისყრის დროსაც, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიუხედავად კენჭისყრის შედეგებისა, პარლამენტმა მაინც ორივე საკანონმდებლო აქტი უნდა განიხილოს. კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, უფრო ლოგიკური იქნება, თუ მეორე მოსმენისთვის პარლამენტი მხოლოდ ერთ დოკუმენტზე იმუშავებს.

„მეორე მოსმენაზე აღარ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში ორი კანონპროექტი, მე ასე მგონია და ასე მწამს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG