Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეწყვიტოს დანიშვნები საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადადოს 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია და შეწყვიტოს დანიშვნები იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. განცხადება ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კელი დეგნანი თვლის, რომ მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები არ შეესაბამება 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და უმჯობესი იქნება, თუკი 20 ივლისამდე შეჩერდება.

"გასაკვირი არ არის, რომ სასამართლოს რეფორმას წინააღმდეგობა ხვდება. ეს საზოგადოებრივი დებატების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო წლების განმავლობაში. შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან სასამართლოს რეფორმირებისა და გაძლიერებისთვის. ჩვენ ვიხილეთ ბევრი კარგი პროკურორი, მოსამართლე თუ ადვოკატი, რომელთაც სურთ კანონის დაცვა პოლიტიკური ჩარევის გარეშე და ეთიკური სტანდარტების თანახმად.

ჩვენ ვიხილეთ პროგრესი სასამართლოს პირველი და მეორე ტალღის რეფორმის დროს. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მესამე და მეოთხე ტალღის ვერ მოხვდა კანონში, რაც იმედგამაცრუებელი იყო.

ჩვენ დავინახეთ სასამართლო რეფორმისადმი ინტერესი 19 აპრილის შეთანხმებისას. ეს პროცესია, დრო სჭირდება. საქართველოში ამ საკითხზე მუშაობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. როგორც წარსულში, შეერთებული შტატები ახლაც მზად არის საქართველოს დაეხმაროს სასამართლოს გაძლიერებაში, მისი დამოუკიდებლობის გაუმჯობესებაში.

საბჭოს წევრებისა თუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელება არ ემთხვევა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, რომელშიც მხარეები შეთანხმდნენ, გაეტარებინათ რეალური და თვისობრივი რეფორმები უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნების პროცედურებსა და წესებზე.

ეს დანიშვნები უნდა მოხდეს ახალი, გაძლიერებული სისტემის მიხედვით, რომლებიც დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკური პარტიების ინკლუზიური დებატების შედეგად მიიღწევა. ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს, გადაედო შეხვედრა და ვფიქრობ, ამის გაკეთება 20 ივლისამდე იყო შესაძლებელი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმების გატარებისთვის საჭირო დროს დატოვებდა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ საბჭო ამას გაითვალისწინებს და გადადებს სელექციის პროცესს",
- თქვა ამერიკის ელჩმა მედიასთან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერებას და გადადებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა 29-ე რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა საბჭოს იმ 4 მოსამართლე წევრის ადგილმონაცვლეების შერჩევის საკითხიც, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურებათ. ესენი არიან დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG