Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი უარს ამბობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში ჩაერთოს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ამ პროცესის შეჩერებას ითხოვს. მან ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა გაიმართოს მოსამართლეთა კონფერენცია და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ახალი წევრებით შევსება დროებით უნდა შეწყდეს.

"მივიღე გადაწყვეტილება გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ შეარჩევენ ახალ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს და დაამტკიცებენ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევის პერსპექტივას", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საერთაშორისო პარტნიორების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭებას ხედავენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პროცესი ვერ მოიცდის სასამართლო სისტემის პარალიზების საფრთხის გამო.

დიპლომატები იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით - ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ითხოვდნენ.

  • 19 აპრილის შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე ახალი დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს.
  • 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ კანონპროექტი 1 ივლისამდე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დასკვნის მისაღებად და პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG