Accessibility links

site logo site logo

თსუ-მ ჰომოფობიური შინაარსის ლიტერატურა სასწავლო მასალიდან ამოიღო - სახალხო დამცველი


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის მიმართვა და სასწავლო მასალიდან ამოიღო ჰომოფობიური შინაარსის შემცველი ლიტერატურა. სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა "თანასწორობის მოძრაობის" მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

"უმაღლესი განათლების სფეროში საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით, სასწავლო პროგრამებს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტი შეისწავლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს", - აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი.

ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ 2020 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც გაითვალისწინა და ორი სასწავლო კურსის მასალის ჰომოფობიური შინაარსის შემცველი სახელმძღვანელოები სხვა ლიტერატურით შეცვალა.

"საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარება სამომავლოდ კარგ პრეცედენტს შექმნის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სასწავლო მასალების უფლებათა უნივერსალურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა. მათი პასუხი მასალაში მიღების შემთხვევაში აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG