Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის მთავარი ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება. კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო არ გაიმართება ტრადიციული სახალხო სეირნობა და გამოფენები.

ცერემონიას, რომელიც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, დაესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები. მათ შორის არიან პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი.

თბილისის თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ხუთ რეგიონში სამხედრო ფიცს დადებენ რეკრუტები. დედაქალაქის მთავარ მოედანზე უკვე გამოფენილია ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა. ცერემონია დასრულდება სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენით, რომლის დროსაც ჰაერში გამოსახავენ საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს.

დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მთაწმინდის პანთეონში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს. ემიგრაციაში 1970 წელს გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე.
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG