Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრო კულება: 2021 წელი საუკეთესო მომენტია უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მისაცემად


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება რუსული აგრესიის ფონზე არ მოიძებნოს ნატოს ივნისის სამიტში უკრაინის მონაწილეობის ფორმატი. როგორც გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ კულებამ განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასაგებია მოკავშირეების სურვილი, რომ დახურულ სამიტზე იმსჯელონ ტრანსატლანტიკურ ერთობაზე და ასეთი სამიტები ადრეც ჩატარებულა. „მაგრამ სრულიად არ გვესმის, როგორ შეიძლება ნატოს დახურული სამიტი ჩატარდეს უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში და ალიანსის წევრების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული მოქმედებების ფონზე“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თანახმად, უკრაინა ნატოს მადლიერია, რომ მუდმივად ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ მას შემდეგ 13 წელი გავიდა და გადაწყვეტილების შესასრულებლად ნაბიჯი არ გადადგმულა.

„თუ 2008 წელს გაიცა დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდებიან ნატოს წევრები, და ამ გზაზე შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის(MAP) მინიჭება, ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად 2021 წელზე უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი მომენტი რთულად წარმოსადგენია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც დმიტრო კულებამ თქვა, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა არ იქცეს დაპირებებით კვების პოლიტიკად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG