Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში სამართალდაცველები დახვრეტით დაემუქრნენ გატაცებული ადგილობრივი მცხოვრების ნათესავებს


პოლიციის თანამშრომლები ჩეჩნეთში
პოლიციის თანამშრომლები ჩეჩნეთში

ჩეჩნეთის სამართალდაცველი ორგანოების თანამშრომლები ანგარიშსწორებით დაემუქრნენ 26 წლის ადგილობრივი მცხოვრების, აკრამან ტატაევის ნათესავებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აკრამანის გატაცების ამბავი უფლებადამცველებისთვის გაემხილათ.

„კავკაზ.რეალიის“ თანახმად, აკრამან ტატაევი - სოფელ კომსომოლსკოეს ბინადარი, 23 აპრილს სამართალდამცველი სტრუქტურების დაუდგენელმა თანამშრომლებმა გაიტაცეს ქალაქ არღუნში, სადაც ის ფეხმძიმე ცოლთან ერთად საავადმყოფოში იყო მისული. ამის შემდეგ აკრამანის შესახებ მისი ოჯახის წევრებს არავითარი ცნობა არ მოეპოვებათ.


ამიტომ ორი დღის წინ აკრამან ტატაევის ნათესავებმა განცხადებით უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალს“ მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას შეყვანილი ჰყავს უცხოეთის აგენტების სიაში და დევნის მის წევრებს.


აკრამან ტატაევის ნათესავები ქალაქ არღუნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც ხანდაზმული ადამიანებისგან მოითხოვეს, რომ უარი ეთქვათ ყოველგვარ პრეტენზიაზე და უკან გაეტანათ თავიანთი განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში „დახვრეტით დაემუქრნენ“.

გაჩუმების სანაცვლოდ პოლიციის თანამშრომლები მშობლებს დაჰპირდნენ აკრამან ტატევის გათავისუფლებას. ზეწოლის შედეგად მათ შეწყვიტეს კონტაქტი „მემორიალთან“, თუმცა ტატაევი დღემდე არ არის გათავისუფლებული.

ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხ 1ADAT-ის სტატისტიკით, მხოლოდ აპრილში ჩეჩენმა სამართალდამცველებმა 47 ადამიანი გაიტაცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG