Accessibility links

site logo site logo

ნატოს გენერალური მდივანი: „ძნელი დასაჯერებელია“, რომ რუსეთი არ იყოს „რაინეარის“ თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებული


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კომპანია „რაინეარის“ კუთვნილი თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დასმასთან დაკავშირებულ 23 მაისის სკანდალთან კავშირი რუსეთსაც უნდა ჰქონდეს.

„ჩვეთვის ცნობილია, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს რუსეთსა და ბელარუსს შორის და ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ მინსკის რეჟიმს მსგავსი რამ რუსეთთან კოორდინაციის გარეშე გაეკეთებინა“, - იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.


23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.

25 მაისს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. სანქციების სიაში შევიდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან.

ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა და, ასევე, შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG