Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დასრულება მსაჯების პროტესტის გამო ერთი კვირით გადაიდო


რაგბიში საქართველოს ჩემპიონატი - დიდი 10 წინასწარ დაგეგმილზე ერთი კვირით გვიან დასრულდება. საქართველოს რაგბის კავშირმა სეზონის კალენდარში ცვლილებები ორიოდ დღის წინ ჩაშლილი მატჩების გამო შეიტანა. 29 მაისს, დიდი 10-ის ნახევარფინალური შეხვედრები იყო ჩანიშნული. ბათუმში, ადგილობრივ კლუბს „აკადემიისთვის“ უნდა ემასპინძლა. ქუთაისში კი, „აია“ „ყოჩებს“ უნდა დაპირისპირებოდა. ორივე თამაში მსაჯების პროტესტის გამო გადაიდო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, 5 ოქტომბერს გაიმართება.

ოფიციალური კომენტარისგან არბიტრებმა თავი შეიკავეს და დუმილის პოლიტიკას ამჯერადაც ინარჩუნებენ. სარაგბო წრეებში კი მათ თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო წლებში დაფიქსირებული სადისციპლინო დარღვევები და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის ფაქტები დაასახელეს, რომლებზეც სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

განახლებული კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ, იძულებითი ცვლილების შესახებ კომენტარები გააკეთეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტებმა ბაჩო ხურციძემ, ნიკოლოზ ალავიძემ და თორნიკე გოგებაშვილმა. მათ პროტესტს სამართლიანი უწოდეს, თუმცა გამოხატვის ფორმას მხარი არ დაუჭირეს.

„ეს იყო არა კონკრეტულად რომელიმე პიროვნების, არამედ მთელი სამსაჯო კორპუსის ლოგიკური პოზიცია, რაც გამოიწვია წლების განმავლობაში დაგროვილმა ფიზიკურმა თუ მორალურმა ზეწოლებმა და აგრესიულმა ქმედებებმა. ახალმა მენეჯმენტმა მივიღეთ გადაწყვეტილება და ვახორციელებთ რეფორმებს, რაც მტკივნეული პროცესია. ამან ბევრი რამ სააშკარაოზე გამოიტანა. 17 მაისს მივიღეთ ახალი სადისციპლინო კოდექსი, თუმცა ის ძალაში ვერ შევიდა, რადგან მოკლე ვადებში ვერ მოხერხდა მისი კლუბებისთვის გაცნობა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი მსაჯების მიმართ, რამაც გამოიწვია მათი სამართლიანი პროტესტი. ჩვენ ვერ ვეთანხმებით ამ პროტესტის გამოხატვის ფორმას, თუმცა მსაჯებთან უკვე მოხდა შეთანხმება“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG