Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ახალი პროკურატურა მუშაობას შეუდგა


1 ივნისიდან მუშაობას შეუდგა ევროკავშირის ახალი პროკურატურა (EPPO), რომელიც ბლოკის შიგნით საბიუჯეტო მაქინაციების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არის შექმნილი. ოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურა, კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური აღორძინებისთვის გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას შეისწავლის.

ამ ორგანოს სათავეში უდგას ევროკავშირის სახალხო პროკურორი, რუმინელი ლაურა კოვეში, რუმინეთში ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ევროკავშირში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებებისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში.

ევროკავშირის ახალი პროკურატურა, რომლის შტაბი ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

ამ ორგანოს შექმნა გადაწყდა მას შემდეგ, რაც კრიტიკოსთა თქმით ადგილი ჰქონდა ფინანსური მაქინაციების შედეგად ევროკავშირის ბიუჯეტის დიდ გაფლანგვას. EPPO-ში გერმანიის წარმომადგენლის, ანდრეს რიტერის ვარაუდით, დანაკლისი ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.


ევროკავშირში არსებული ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო (OLAF) წარმოადგენს სუსტ ორგანოს, რომელიც კავშირის წევრ სახელმწიფოებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის რეკომენდაციებს აძლევს. მისგან განსხვავებით, ფინანსური დანაშაულებების სახალხო პროკურორს შეუძლია გახმაურებული საქმე უშუალოდ ეროვნულ სასამართლოებში გადაგზავნოს. საქმიანობის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ახალი პროკურატურის ამოცანა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არ დაუშვას ევროკავშირის მიერ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის გამოყოფილი 750 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური გაჯანსაღების პაკეტიდან თანხების დატაცება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG