Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურასთან აქციაზე პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავა


პროკურატურასთან აქციაზე პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავა. კონკრეტულად რას ედავება მას სამართალდამცავი უწყება, უცნობია. ის პოლიციის მანქანით გადაიყვანეს.

როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაქარაშვილს პარლამენტის არჩეულ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად პროკურატურაში შესვლა სურდა. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ პროკურატურასთან კორდონი მოაწყო და არ აძლევენ მოქალაქეებს შესასვლელში ყოფნის უფლებას.

ამ წუთებში პროკურატურასთან აქცია ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით იმართება. საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია არათუ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, არამედ სახალხო დამცველისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

"სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე ამ საქმეებზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მეუფე სპირიდონ აბულაძემ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, პანსიონში ამ ეტაპზე 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. იქ ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG