Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა სხილაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ზღვაში წვეთია ის ოთხი საქმე, რომელზეც გამოძიება დაიწყო


ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე
ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი გენერალური პროკურატურისგან ელის პასუხს მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე დაწყებული 4 სისხლის სამართლის საქმის მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობას. ეკა სხილაძის განმარტებით, უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ასევე დეტალური ინფორმაციაც იმის შესახებ, მაგალითად, ვინ იყო შეტყობინების ინიციატორი რიგ შემთხვევებში. ეკა სხილაძის თანახმად, სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც სავარაუდო გაუპატიურების შემთხვევას და მასზე გატარებულ ღონისძიებებს შეეხება:

„ეს არის საკმაოდ მწვავე საკითხი ზოგადად საქართველოში, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის და მასზე მართლმსაჯულების განხორციელების. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სწორედ ეს შემთხვევაა. თუმცა ერთი ტენდენციის სახით რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში მიმართვა ხორციელდება მაშინ, როდესაც ბავშვები ტოვებენ დაწესებულებას. ეს მიუთითებს იმას, რომ დაწესებულებაში შექმნილი გარემო არ არის სათანადო იმისთვის, რომ იქ ყოფნისას შეძლონ ბავშვებმა საუბარი მათი უფლების დარღვევის ფაქტების შესახებ“, - აღნიშნა ეკა სხილაძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ომბუდსმენის მიერ წინა წლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბენეფიციარებს არ აქვთ ინფორმაციაც იმის შესახებ, ვის უნდა მიმართონ მათზე ძალადობის განხორციელების შემთხვევაში. შესაბამისად, ეკა სხილაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში უფლებადარღვევების შემთხვევების მასშტაბი გაცილებით დიდია:

„სრული სოციალური იზოლაციის პირობებში ცხოვრობენ, მათ შორის სკოლაშიც მათ კონტროლს უწევს აღმზრდელი საგაკვეთილო პროცესის დროს. ცხადია, ამ ფონზე ეს ოთხი საქმე არის ზღვაში წვეთი, თუ ასე ვიტყოდით, რადგან გაცილებით დიდია მასშტაბები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული უფლებადარღვევების შემთხვევებზე“, - განაცხადა ეკა სხილაძემ. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და შესაბამის ინფორმაციას აწვდიან:

„ამ შემთხვევებსაც აუცილებლად შევისწავლით, რადგან იკვეთება როგორც სავარაუდო უფლებადარღვევის, ასევე სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტებიც და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა ეკა სხილაძემ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეებში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და მასში მონიტორინგის მიზნით შესვლის უფლება სახალხო დამცველს ბოლო თვეების განმავლობაში 2-ჯერ არ მიეცა. 4 ივნისს პანსიონის შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაიწყეს. მათ უნდა შეამოწმონ პანსიონის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG