Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მედიებს მიმართავს, თუ ფლობენ ნინოწმინდის პანსიონზე საინტერესო ინფორმაციას, მათ მიაწოდონ


შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულზე გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, მათ მიაწოდონ. ამ შინაარსის განცხადება უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016-2020 წლებში დაწყებული ოთხი გამოძიების გარდა, დამატებით კიდევ ერთი გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია, არ არის დაკონკრეტებული.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, პანსიონატში ამჟამად 56 ბენეფიციარი ცხოვრობს. თუმცა, სხალთის მთავარეპისკოპისი, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამბობს, რომ იქ 150-მდე ბავშვი ცხოვრობს.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე, სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, წლებია არ უშვებენ სახალხო დამცველს. 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG