Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ სოფელ ღრომში სათვალთვალო საგუშაგოს დარბევაში თბილისს ადანაშაულებენ


სოფელი ღრომი

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ე.წ სასაზღვრო სადამკვირვებლო საგუშაგო დარბეულია ოკუპირებულ სოფელ ღრომში. ამის შესახებ დე ფაქტო კა-გე-ბე იუწყება და საკუთარ ვებსაიტზე ფოტომასალას ავრცელებს. ღრომი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევს ესაზღვრება.

ფოტოებზე ჩანს, რომ საგუშაგოს მინები ჩამსხვრეულია. კა-გე-ბე განცხადებას შემდეგი სათაურით აქვეყნებს - „ქართველმა ვანდალებმა დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და დააზიანეს საგუშაგო“. კა-გე-ბე-ს განცხადების მიხედვით, „ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომთან, დაუდგენელი მოქალაქეების ჯგუფმა, საქართველოს მხრიდან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და ჩაიდინა ვანდალური ქმედება სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბე-ს სასაზღვრო საგუშაგოს მიმართ. დაზიანებულია სამეთვალყურეო პოსტი. ქართული მხარის ქმედებები ხელს არ უწყობს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას".

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აამოქმედეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. დე ფაქტო ხელისუფლება ინციდენტის განხილვას ინციდენტების პრევენციის ივნისის შეხვედრაზე გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადგენილი არ არის, ვინ ჩაამსხვრია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უკანონო საგუშაგოს მინები. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ეს შემთხვევა პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა და ხელი ქართული მხარისკენ გაიშვირა. მით უმეტეს, რომ ინციდენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა და საოკუპაციო გამყოფ ხაზს მუდმივად აკონტროლებენ, რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ სოფელ ღრომში უკანონო საგუშაგოს დაზიანების ფაქტზე ცხელი ხაზი რუსულმა მხარემ აამოქმედა, თუმცა უწყებაში ამ ინციდენტს არ ადასტურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG