Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს


ადგილობრივი მცხოვრების ინალ ჯაბიევის მკვლელობაში ბრალდებულებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ბრალდებულებმა შიმშილობის აქცია 1 ივნისს დაიწყეს. 6 დაკავებულიდან 4 მათგანმა: სერგეი კოზონოვმა, ალან ბაგაევმა, ირბეგ სლანოვმა და მარატ ხუგაევმა განცხადებები შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაწერეს.

ოსური მედიის ცნობით, ისინი აღნიშნავდნენ, რომ უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, მტკიცებულებების არარსებობის და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო. მოშიმშილეები დე ფაქტო სასამართლოს მიერ მათთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გახანგრძლივებასაც აპროტესტებდნენ.

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, „კრიმინალური მილიციის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც დაკავებულები არიან, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას აცნობეს. მანამდე მათ საკასაციო საჩივარი შემოიტანეს, რომელიც განხილვის პროცესშია", - აღნიშნულია დე ფაქტო შსს-ს განცხადებაში.

ჯაბიევის მკვლელობაში ბრალდებულები შიმშილობის აქციას უკვე მეორედ მიმართავენ, მსგავსი რამ მათ 9 მაისსაც გამოაცხადეს და 17 მაისს შეწყვიტეს. ბრალდებულები ასევე ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემაში ადანაშაულებენ ცხინვალელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტს ზარინა ძაგოევას. მის მიერ დაწერილი პირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ინალ ჯაბიევის სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, რაც მისთვის მიყენებულმა დაზიანებების შედეგია. ამის შემდეგ რუსეთში დამატებით ორი სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა, ამ ექსპერტიზის პასუხების მიხედვით გულის გაჩერება მიყენებულ დაზიანებებთან კავშირში არ არის და ის ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების მიზეზით მოხდა.

ბრალდებულები რუსი ექსპერტების დასკვნას ენდობიან, მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახი კი ადგილზე ჩატარებულ ექსპერტიზას.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულია და სასამართლო პროცესს ელოდება. გასული წლის 4 დეკემბერს ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით. აქცია უწყვეტ რეჟიმში 26 თებერვლამდე გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG