Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმონ დე ბოვუარი: ინტელექტუალი ქალის ისტორია   


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

1929 წელს, ოქტომბრის ერთ დღეს, პარიზში, ლუვრის მუზეუმის წინ ფილოსოფიის ორი ნიჭიერი სტუდენტი იჯდა და თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობის გარკვევას, თუ დაზუსტებას ცდილობდა. ეს სტუდენტები 24 წლის ჟან-პოლ სარტრი და 21 წლის სიმონ დე ბოვუარი იყვნენ, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე ჩააბარეს პრესტიჟული და კონკურენტული სახელმწიფო გამოცდა. სარტრს, როგორც ამ ისტორიას ყვებიან, არ სურდა ბანალური, ასე ვთქვათ კონვენციური მონოგამია. წყვილმა დადო შეთანხმება, რომ ისინი ერთმანეთისთვის „მთავარ სიყვარულად“ დარჩებოდნენ - თუმცა სხვა, შემთხვევითი საყვარლებიც ეყოლებოდათ და თან ერთმანეთს ყველაფერს გულახდილად მოუყვებოდნენ ხოლმე. მათი ურთიერთობა უნიკალური უნდა ყოფილიყო და შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გაეხადა - ორი პარტნიორი რჩებოდა თავისუფალი, თანასწორი, და ბოლომდე გულწრფელი ერთმანეთთან.

იმავე 1929 წელს, რამდენიმე თვით ადრე, ეს ორი სტუდენტი ისევ პარიზში, ლუქსემბურგის ბაღში, მედიჩის შადრევანთან სეირნობდა, როცა ახალგაზრდა ბოვუარმა გადაწყვიტა სარტრისათვის თავისი ფილოსოფიური იდეების შესახებ მოეთხრო - „პლურალისტური ეთიკის“ შესახებ, რომელზეც ის თავის რვეულებში მუშაობდა. სარტრმა - იხსენებს ბოვუარი თავის მემუარებში - ეს იდეები გაანადგურა. „სამი საათის განმავლობაში ვწვალობდი. ბოლოს მომიწია მეღიარებინა, რომ დავმარცხდი ... გავიაზრე, რომ ჩემი იდეები ზედაპირული, ნაჩქარევად ფორმულირებული და ბუნდოვანი იყო“ - წერს ბოვუარი.

დღეს - როცა სიმონ დე ბოვუარი ისტორიაში შესულია მეოცე საუკუნის „ინტელექტუალი ქალის“ ემბლემატურ სახედ - მისი ბიოგრაფების უმრავლესობა თანხმდება, რომ 1929 წელს მომხდარი ეს ორი ამბავი განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა მისი ფენომენის გასაგებად. შადრევანთან გამართული დისკუსიის შემდეგ, ბოვუარმა, როგორც მოაზროვნემ, სარტრთან მიმართებით თავისივე ნებით დაიკავა მეორეხარისხოვანი პოზიცია - „მე არ ვარ ფილოსოფოსი. ... [მე ვარ] ლიტერატურის მწერალი“ - წერდა ის და დასძენდა - „ფილოსოფოსი სარტრია“. და, ამავე დროს, წყვილს შორის 1929 წელს გაფორმებული შეთანხმებით და დღემდე სკანდალური სექსუალური თავისუფლებით დასაბამი დაედო ბევრ ლეგენდას ბოვუარის და სარტრის ხანგრძლივი და დიდი სიყვარულის შესახებ. ერთი ვერსიით, ეს იყო მეოცე საუკუნის უდიდესი სიყვარული, რომელმაც ბოვუარის, როგორც ქალის ცხოვრება განსაზღვრა. სხვა, უფრო ფემინისტური შეფერილობის ლეგენდების თანახმად კი ბოვუარმა თავისი ავტონომია, ფილოსოფია და წარმატება მსხვერპლად შესწირა ჟან-პოლ სარტრის შეცდენას, რათა მისთვის სასურველ ქალად დარჩენილიყო.

სარტრთან 1929 წელს გამართული იმ ორი საუბრიდან 20 წელი გავა და სიმონ დე ბოვუარი დაწერს ფრაზას, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებად რჩება ფემინისტური მოძრაობის, თუ ფილოსოფიის ისტორიისთვის. „ქალად არ იბადებიან, ქალი ხდებიან“ - წერს ის თავის 1949 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, „მეორე სქესში“. ის, რაც „ქალზე“ და „ქალურობაზე“ ვიცით, კულტურის - პატრიარქალური კულტურის - მიერ შექმნილი მითები თუ კონცეფციებია, და არა რაღაც ბუნებრივი, ან თანდაყოლილი მოცემულობა - თქვა მაშინ ბოვუარმა. „მეორე სქესის“ გამოქვეყნებიდან 70 წელზე მეტი დროა გასული და ამ ათწლეულებში ფემინისტურ თეორიაში კიდევ ბევრი საეტაპო მნიშვნელობის წიგნი დაიწერა, თუმცა სიმონ დე ბოვუარის ტექსტი ურყევად ინარჩუნებს „ფემინიზმის ბიბლიის“ სტატუსს.

„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი სიმონ დე ბოვუარს და მის „ფემინიზმის ბიბლიას“ ეძღვნება - თუმცა, „მეორე სქესის“ და მისი მნიშვნელობის განხილვამდე გრძელი და შემოვლითი გზით მივალთ, იმ ცხოვრებისეული, თუ ინტელექტუალური ტრაექტორიის გასაგებად, რომელმაც ბოვუარი ამ წიგნამდე და ფემინიზმამდე მიიყვანა.

ტორილ მოი
ტორილ მოი

მაინც როგორ გახდა სიმონ დე ბოვუარი სიმონ დე ბოვუარი - ფილოსოფიური მოძრაობის, ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მხატვრული ლიტერატურის, პიესების, ფილოსოფიური და პოლემიკური ესეების, ბიოგრაფიული ტექსტების და „მეორე სქესის“ ავტორი, გავლენიანი პოლიტიკური აქტივისტი? როგორ ჩამოყალიბდა ის მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ინტელექტუალ ქალად იმ პერიოდის საფრანგეთში, სადაც 1938 წლამდე ქალებს კანონისა და უფლებების ჭრილში არასრულწლოვან მოქალაქეების მსგავსად განიხილავდნენ, სადაც ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციაში მყოფი ვიშის რეჟიმის ქალთმოძულე პოლიტიკის, თუ კათოლიკე ეკლესიის გავლენით ქალების მთავარ დანიშნულებად ოჯახის მოვლა ითვლებოდა, სადაც პრესტიჟული სასწავლებლები ქალებისთვის დახურული იყო, სადაც ქალებმა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1944 წელს მოიპოვეს, კონტრაცეფციის უფლება 1967 წელს, აბორტის უფლება - 1974 წელს, ხოლო 1965 წლამდე ქმრის ნებართვის გარეშე სამსახურის დაწყება და საბანკო ანგარიშის გახსნაც კი არ შეეძლოთ? და, ალბათ მთავარი ამბავი - რამდენად განსაზღვრა ბოვუარის, როგორც მოაზროვნის და ფილოსოფოსის აღქმა სარტრთან მისმა ხანგრძლივმა პირადმა და ინტელექტუალურმა კავშირმა?

კეიტ კირკპატრიკი
კეიტ კირკპატრიკი

პოდკასტის ამ ეპიზოდში განსაკუთრებულად გაგვიმართლა და ზემოთჩამოთვლილ კითხვებს სიმონ დე ბოვუარის ორი გამორჩეული ბიოგრაფი უპასუხებს - ტორილ მოი, დიუკის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი, რომელიც თავადაა ერთ-ერთი წამყვანი მოაზროვნე თანამედროვე ფემინისტურ თეორიაში და კეიტ კირკპატრიკი, ფილოსოფიის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჩვენი სტუმრები გვიყვებიან ბოვუარის ინტელექტუალ ქალად ფორმირების კომპლექსურ გზაზე, წვლილზე, რომელიც მან ეთიკის საკითხებზე აქცენტით ფრანგულ ეგზისტენციალიზმში შეიტანა, ფილოსოფიისადმი მის ზოგად მიმართებაზე და იმაზე, თუ რატომ განიხილავდა ბოვუარი ქალისათვის საფრთხედ შეყვარებულად ყოფნის მდგომარეობას. ეპიზოდში მოისმენთ მსჯელობას იმაზე, თუ რაოდენ მრავლისმეტყველი შეიძლება იყოს ეგზისტენციის - არსებობის - ფილოსოფოსისთვის ჩვენი ყოფის ტრივიალური სცენები, მაგალითად ფლირტი, ამ ფილოსოფიისთვის უმნიშვნელოვანეს ცნებებთან, „თავისუფლებასთან“, „პასუხისმგებლობასთან“ და „ავთენტურობასთან“ მიმართებით. და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ როგორ იცვლებოდა სიმონ დე ბოვუარის დამოკიდებულება მისი და სარტრის ანტიმონოგამიური შეთანხმების მიმართ, გააზრებით, რომ ამ შეთანხმებას ზოგჯერ მესამე ადამიანებისთვის ტკივილი მოჰქონდა.

ეპიზოდის დასკვნითი ნაწილი კი მთლიანად „მეორე სქესს“ დაეთმობა - სიმონ დე ბოვუარის ყველაზე ცნობილ ტექსტს, რომელშიც მან პირველად შემოგვთავაზა ქალების სიტუაციის გამართული ფილოსოფიური ანალიზი. მთელი ისტორიის განმავლობაში პატრიარქალური კულტურა „ქალს“ მეორეხარისხოვან არსებად წამოაჩენს კაცთან მიმართებით - აცხადებს ბოვუარი. ქალი არის „სხვა“, ნორმისგან, უნივერსალური სუბიექტისგან განსხვავებული, კაცის ცნობიერების ობიექტი - და მას წართმეული აქვს ავტონომიური არსებობის უფლება. ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან ამ ტექსტის ფილოსოფიურ და ისტორიულ მნიშვნელობაზე და აგვიხსნიან, მაინც რატომ დარჩება „მეორე სქესი“ მარადიულ კლასიკურ ტექსტად ფემინიზმის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG