Accessibility links

site logo site logo

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომას არ ესწრება


ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში პლენარულ სხდომას არ ესწრება. როგორც მედიისთვის იყო ცნობილი, ისინი დღევანდელ, 8 ივნისის სხდომას უნდა დასწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში აპირებდა შესვლას, აქცია დაიგეგმა პარლამენტის შენობასთან.

პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებაზე პარტიაში გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღეს. ამ დრომდე პარტიაში ამ საკითხზე ხმები გაყოფილი იყო. ერთ-ერთი, ვინც საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ღიად უჭერდა მხარს, ხატია დეკანოიძე იყო.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

დოკუმენტისთვის ამ დრომდე ხელი არ ჰქონდა მოწერილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს". ნიკა მელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს "შარლ მიშელის შეთანხმების" დოკუმენტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG