Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეზვრიშვილი: დაინახავთ, რომ ყველაზე კრიტიკულები პირველ რიგში ვიქნებით ხელისუფლების მიმართ


ნათია მეზვრიშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი
ნათია მეზვრიშვილი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გაერთიანება საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ ნიშნავს ქვეყნის მომავალზე ორიენტირებას და მათ ოპოზიციაში ყოფნას, რომლებიც პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მიზანი არ არის რადიკალური მიდგომები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების თუ კონკრეტული ლიდერების მიმართ, თუმცა საზოგადოება დაინახავს, რომ პოზიციების დაფიქსირების დროს „საქართველოსთვის“ ყველაზე კრიტიკული პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ იქნება:

„მე არ ვთვლი, რომ კრიტიკის ხარისხი არის განმსაზღვრელი იმისა, ხარ თუ არა ნამდვილი ოპოზიცია და ვინ ხარ საერთოდ. მომავალში თქვენ დაინახავთ, რომ იქნება ძალიან ბევრი თემა, რაზეც პოზიციები იქნება დასაფიქსირებელი და ჩვენ ყველაზე კრიტიკულები პირველ რიგში ვიქნებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ... გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციის დროს, თითოეულ ინტერვიუში, საზოგადოებასთან თითოეული კომუნიკაციის პროცესში მკაფიოდ და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და დანარჩენს გვიჩვენებს უკვე მომავალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც კონკრეტულ საკითხებზე ჩვენ მივალთ და იქ პოზიციები იქნება დასაფიქსირებელი, საზოგადოება ნახავს როგორი კრიტიკულები ვიქნებით ჩვენ ამა თუ იმ საკითხზე. დაველოდოთ. როცა მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, როცა ორივე მხრიდან ოპოზიციაც და სახელისუფლებო პარტიაც შენზე თავდასხმითაა დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ წარსულის იმ მოვლენებზე, რომლის მონაწილეებიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები იყვნენ, სრულად იღებენ პასუხისმგებლობას.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თითქმის 3 თვის შემდეგ, 20 მაისს მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა". პარტიის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები ერთიანდებიან საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG