Accessibility links

site logo site logo

„სხვადასხვა ვაქცინების დოზების შერევა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია“, - ამბობს ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით მედიისთვის გამართულ ვებინარზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ დასაშვებია აცრისას სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინები გაიკეთოს მსურველმა, მაგრამ რეკომენდებულია, რომ 2 დოზით აცრისას მაინც ერთი ფირმის ვაქცინით მოხდეს აცრა.

„როცა საჭირო გახდება მესამე დოზით აცრა, მაშინ თავისუფლად შესაძლებელია იყოს სხვა [ვაქცინა]. ისე როგორც გრიპის ვირუსზე ვაკეთებთ, 1 წელიწადში შეიძლება ვიყოთ აცრილები ერთი ვაქცინით, მეორე წელს სხვა მწარმოებლის ვაქცინით. აქაც შეეძლებათ, ვინც ორჯერ აცრილია "ასტრაზენეკათი", მერე აიცრას "ფაიზერით" ან "სინოვაკით", ან "სინოფარმით". ვინც ორჯერ აცრილია "სინოფარმით", მერე აიცრას "ფაიზერით" ან ასტრაზენეკათი, 8 თვის შემდეგ, ეს, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნება“.

გამყრელიძის განცხადებით, მეორე დოზით აცრის შემთხვევაშიც შესაძლებელია იგივე, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარეობს.

„ესეც პრინციპში დასაშვებია თეორიულად და პრაქტიკულადაც. მაგრამ ჯერჯერობით რეკომენდაციაა - თუ ერთით ხართ აცრილი, იგივე გაიკეთეთ. მაგრამ თუ გინდათ და აუცილებლობაა, შესაძლებელია. მაგალითად, "ასტრაზენეკას" გაკეთება უფრო მეტად რეკომენდებულია 8-12 კვირის შემდეგ და გეჩქარებათ, რომ მეორე დოზა გაიკეთოთ, შესაძლებელია - ან "ფაიზერი", ან "სინოვაკი", ან "სინოფარმი". ამაში დიდ პრობლემას მე პირადად ვერ ვხედავ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთი სურვილის შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების დაწერა, რასაც შემდეგ ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტს.

ამ დროისთვის, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა ვაქცინის გაკეთება, კანადაა. "ასტრაზენეკას" დეფიციტის გამო, მოქალაქეებს ურჩევენ, რომ მეორე დოზად სხვა მწარმოებლის ვაქცინით აიცრან.

კანადის იმუნიზაციის ეროვნულმა მრჩეველთა კომიტეტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა, შეუძლიათ მეორე დოზაზე გაიკეთონ Pfizer-BioNTech-ი ან Moderna. აქვე ნათქვამია, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შერევაც შესაძლებელია, თუმცა იმუნიზაციის კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ თუკი შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ბრენდის ვაქცინით აიცრან.

გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებით და მესამე ინექცია, სავარაუდოდ, ორი დოზით ვაქცინაციიდან 6-8 თვეში იქნება საჭირო:

“უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ მესამე დოზა ბევრ ვაქცინაზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი მოსახლეობაში შეიქმნას. დადგენილი არ არის, რა პერიოდში გახდება საჭირო მესამე ინექცია. დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს სადღაც 6-დან 8 თვის ზემოთ” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG