Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო ბათუმში ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაწვის ფაქტზე


შს სამინისტრომ 187-ე მუხლით გამოძიება დაიწყო ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ „ფარფურის“ ერთ-ერთი ფილიალის დაწვის ფაქტზე.

შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 6 საათზე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე „ფარფურის“ ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამმა დაუდგენელმა პირმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია, საწვავი დაასხა და დაწვა სცადა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ამოღებულია ვიდეოთვალის ჩანაწერები.

სუპერმარკეტების ქსელ „ფარფურის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს არის მესამე შემთხვევა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში. მანამდე დაწვა სცადეს აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე მაღაზიისა და ხელვაჩაურში მდებარე სუპერმარკეტის საწყობის.

სუპერმარკეტების ქსელ „ფარფურის“ დამფუძნებელი თამარ კახიძე სამივე შემთხვევას ანგარიშსწორების მცდელობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ემუქრებოდა ქმრის ბიზნესპარტნიორი, რომელსაც საფინანსო დავალიანების გამო სასამართლოში ედავება. მისივე თქმით, ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრს წერილობით შეატყობინა:

„ეს არაა ეჭვი, დაზუსტებით ვამბობ. ამ ადამიანებთან გვაქვს სამართლებრივი დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩემი ქმრის ბიზნესპარტნიორს, მურმან ჯინჭარაძეს, ვედავებით თანხების დაკისრების მოთხოვნით, ჯინჭარაძეს კი ლობირებს ყოფილი პოლიციელი და „ოცნების“ აქტივისტი, გოჩა ბარამიძე. რამდენჯერმე იყო მუქარა, რომელიც მაშინ, უბრალოდ, სიტყვები გვეგონა. გვეუბნებოდნენ, უარი უნდა თქვათ ვალის დაბრუნების სამართლებრივ მოთხოვნაზეო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვანახვებდნენ, რასაც გვიზამდნენ და კი დაგვანახვეს. მეტიც, ტელეფონზე გვწერენ უცხო ნომრებიდან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში გადავლენ ფიზიკურ განადგურებაზე“.

თამარ კახიძე ამბობს, რომ ინფორმაცია მუქარის შესახებ არაერთხელ მიაწოდეს სამართალდამცავებს, თუმცა რეაგირება არ მოჰყვა: „ვერ ვხედავთ კონკრეტულ მოქმედებას, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, იმისთვის რომ მომავალში დანაშაულის პრევენცია მომხდარიყო“, - მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტის შესახებ ჩვენება უკვე მისცა. ამოღებულია, ასევე, სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, სამი პირი როგორ ცდილობს მაღაზიაში ცეცხლის გაჩენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG