Accessibility links

site logo site logo

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი შუქრუთელების პროტესტზე: არის მადანი და არის მოსახლეობა, თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ


ნიკოლოზ ჩიქოვანი, "ჯორჯიან მანგანეზის" სახელმწიფო მმართველი

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი შუქრუთელების შიმშილობის აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ზიანის შეფასების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვას ითვალისწინებს. მისი თქმით, შიმშილობის მონაწილე მესაკუთრეებთან გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები, რაც ქონების ჩანაცვლების მეთოდს ეფუძნება, საკუთრების შენარჩუნების პირობით. მისივე თქმით, დაკმაყოფილებულია ასევე მოშიმშილეთა კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ხელშეკრულების მხარედ „ჯორჯიან მანგანეზს“ გულისხმობს და არა მის კონტრაქტორ კომპანიას:

„ჩვენ საბოლოო ჯამში გამოვედით როგორც მხარე. რა თქმა უნდა, ვიყავით მედიატორი, იმიტომ რომ იქ ოპერირებს სხვა კომპანია, მაგრამ მხარე გამოვედით. ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე ვართ ჩვენ უკვე გუშინდელის მერე“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა „დილის საუბრებში“, სადაც შუქრუთელების შიმშილობის აქცია კომპანიის მიმართ დაგროვილი უნდობლობით ახსნა.

„ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, არ გაგვიწყვეტია ამ ხალხთან, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს იყო წლების დაგროვებული უნდობლობა, რომ არ ჰქონდათ ნდობა იმისა, რომ რასაც ვიძახით, რა შეფასებებიც იქნება, იმას არ შეასრულებდა კომპანია. ჩვენ ეხლაც ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება სადმე შესვლა ან რამეს დაზიანება, თუ არ მოელაპარაკე იქაურ მაცხოვრებელს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ იმ ტერიტორიაზე არის მადანი. მაგრამ ასევე მოცემულობაა, რომ იქ არის მოსახლეობა. როგორღაც უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ამიტომ მოლაპარაკებების, მათთან, ხალხთან საუბრის გარეშე არ შეიძლება შესვლა. თუმცა ესეც დაგვაბრალეს, რომ უკითხავად შევედით“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. რადიო თავისუფლების კითხვაზე, მადნის მოპოვებითი ლიცენზიის ვადის გასვლისთვის, 2046 წლისთვის ემუქრება თუ არა სოფელ შუქრუთს გაქრობა, მან თქვა:

„ჩვენ არ გვინდა რომ სოფელი დაინგრეს, მაგრამ მოცემულობაა, რომ იქ მადანია. რა ვქნათ. ეს არის მოცემულობა, მადანი არის ამ სახლის ქვეშ. რაღაცნაირად უნდა გზა ვიპოვოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, კომპანია მადნის მოპოვებითი სამუშაოების პარალელურად, აღდგენით სამუშაოებსაც ახორციელებს.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ თუ ეს კარიერული წესით იქნება ნამუშევარი, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები აღდება და დაუბრუნდება პირვანდელ სახეს. ეს მომხდარა და ხდება, ამ სამ წელიწადზე ვლაპარაკობ და ღიაა ეს ინფორმაცია, თუ რა ტერიტორიაზე მოხდა რეკულტივაცია", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა "დილის საუბრებში".

გუშინ, 9 ივნისს, 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს და საპროტესტო აქციის ადგილი, ამერიკის სეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს შუქრუთელმა მოშიმშილეებმა. მათ "ჯორჯიან მანგანეზთან" სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მათ შეთანხცმებას მიაღწიეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 11 ოჯახის პროტესტი თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან თერთმეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ითხოვდნენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ზიანის შეფასებას სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართულობით. მოშიმშილეების ნაწილს, ხუთ კაცსა და სამ ქალს, პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდა ამოკერილი. საპროტესტო აქცია მთლიანობაში სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG