Accessibility links

site logo site logo

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ნავალნი


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კოლონიაში პატიმრობიდან და გააუქმოს მისი ძმისთვის გამოტანილი განაჩენი „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ლაპარაკია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლების რედაქციამ მოიპოვა.

მანამდე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება წინასწარი ზომების შესახებ ნავალნის განცხადებასთან დაკავშირებით და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ის, მაგრამ მიღებული პრაქტიკის საპირისპიროდ ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფილ იქნა.

მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოს ორგანო, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას. კომიტეტის მორიგი სხდომის შედეგების თაობაზე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროსასამართლომ უკვე ადრევე აღიარა, რომ „ივ როშეს“ საქმის მსვლელობისას დაირღვა ნავალნის უფლებები, მას არ მიეცა სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება და დაისაჯა საქციელისთვის, რომელიც არ არის დანაშაულებრივი. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ არა მხოლოდ უარი თქვა განაჩენის გადახედვაზე, არამედ 2021 წლის 2 თებერვალს ნავალნის პირობითი პატიმრობა რეალურით შეუცვალეს. როგორც მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, ეს ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების როგორც ფორმულირებას, ისე სულისკვეთებას.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას იმის თაობაზე, რომ ნავალნი უნდა განთავისუფლდეს, და დაიმუქრნენ ევროპის საბჭოდან გასვლით, თუკი რუსეთს რაიმე სახის სანქციებს დაუწესებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ევროსასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობას თეორიულად შეიძლება მოჰყვეს ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვა ევროპული კონვენციის შესრულებაზე უარისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG