Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ გვყავს მეგობარი, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე


გიტანას ნაუსედა, სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ინტეგრაციის პროცესში.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცით, რომ გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოსთვის მიმდინარე წელი მრავალი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი და ამ თემებს პრეზიდენტები შეხვედრის დროსაც შეეხნენ:

„დავძლიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისი და ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა და სტაბილურობა ამ რეგიონში არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშანი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ.

ასევე მნიშვნელოვანია ეს წელი თვით საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც ჩვენ უნდა უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება და არის ჩვენი მთავარი, ვიტყოდი, იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში.

მნიშვნელოვანია ეს წელი იმ მხრივ, რომ, სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, გახელაძის მაგალითი არის ასეთი სამწუხარო მაგალითი და ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საგანგებოდ გაუსვა ხაზი ლიეტუვის პრეზიდენტის საოკუპაციო ხაზზე ჩასვლის მნიშვნელობას:

„ეს ფიზიკური მისვლა საოკუპაციო ხაზზე ალბათ ძალიან ბევრისმეტყველია და აჩვენებს ჩვენს სტუმრებს და ჩვენს მეგობრებს, თუ რამდენად მძიმე და რთული არის ეს მდგომარეობა და ეს კიდევ უფრო ამხნევებს მათში სურვილს, რომ ჩვენ დაგვეხმარონ ამ კუთხითაც", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართული შეხვედრის შემდეგ და საგანგებოდ გამოყო საუბრის კიდევ ერთი თემა, რომელიც შეეხება ნატოს მომავალ სამიტს.

„ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს და უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები და ასევე ჩვენ მივიღოთ იმისი ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენ საინტეგრაციო გზას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებებზე განიხილეს ასევე საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების ისეთი საკითხები, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება ვაქცინების მიწოდების საშუალებით, ტურიზმის განვითარება და სხვა.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ვიზიტის ფარგლებში 10 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ დიდ ხურვალეთში ეწვია საოკუპაციო ხაზს. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილი ჰუმინიტარული მდგომარეობის შესახებ. 11 ივნისს იგი გამართავს შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ისე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG