Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარიას ინფორმაციით, მიმდინარეობს ზეწოლა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების მიმართ


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ამჟამინდელი პრობლემების შესახებ ილაპარაკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. „დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა, არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ. რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, ამ ადამიანებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. „ზოგადად მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოადგენენ უკანასკნელ იმედს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები“, - თქვა მან.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს სახალხო დამცველის ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებიდა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG