Accessibility links

site logo site logo

სტოლტენბერგი: სამიტზე ნატო აჩვენებს მყარ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინისადმი


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 11 ივნისს ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა ალიანსის სამიტის შესახებ, რომელიც 14 ივნისს არის დანიშნული.

„ნატოს ლიდერები აქ, ბრიუსელში შეიკრიბებიან მომავალ კვირაში, უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენი ალიანსისთვის და კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გლობალური კონკურენციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ერთდროულად უნდა ვუპასუხოთ ბევრ საფრთხესა და გამოწვევას - რუსეთისა და ჩინეთის ზეწოლას კანონებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ტერორიზმის საფრთხეს, რომელიც კვლავაც ძალაშია, დახვეწილ კიბერთავდასხმებს, შეფერხების გამომწვევ ტექნოლოგიებს და კლიმატის ცვლილებებს. არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ ძალუძს ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება. მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა არ არიან მარტო - ჩვენ ერთად ვდგავართ ნატოში“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, სამიტზე ასევე განიხილავენ ავღანეთის საკითხს - „ჩვენი სამხედრო [ძალების] იქ ყოფნა სრულდება, მაგრამ ავღანეთის ძალების და ხალხის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“, თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე შეეხო საქართველოს და უკრაინის საკითხებსაც და თქვა, რომ სამიტის დღის წერიგში იქნება ნატოს მყარი მხარდაჭერა ამ „ღირებული პარტნიორების“ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ:

„უკრაინა და საქართველო ორი ძალიან ღირებული პარტნიორია. ჩვენ მათ როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება ამ ორ ძალიან ღირებულ პარტნიორთან. ეს იმის გამოცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პარტნიორები რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნეები იყვნენ. საქართველო 2008 წელს - და [რუსებს] საქართველოს ტერიტორიის ნაწილები კვლავაც ოკუპირებული აქვთ - და იგივეს ვხედავთ უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსირებით და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციით, რომელიც კვლავაც გრძელდება“.

სტოლტენბერგის თქმით, ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით აქცენტი რეფორმებზეა, და ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით. „მოველი, რომ ნატოს ლიდერები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოს ღია კარის პოლიტიკიდან გამომდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა ევროპის მასშტაბით დემოკრატიის და თავისუფლების გავრცელების თვალსაზრისით“ - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG