Accessibility links

site logo site logo

ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვია დარჩენილი


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დარჩენილია 23 ბავშვი, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე 13 ივნისს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“:

„როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა... დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ფორმების ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები... შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათ საუკეთესო ინტერესების გამოვლენა, მათი ოჯახებში ინტეგრაცია იყოს წახალისებული“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მისი სიტყვებით, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების კანონის ის ნორმები, რომლებიც მოიაზრებს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბებას.

"მანამდე კი ჩვენ ვაგრძელებთ პრობლემების იდენტიფიცირებას და ბავშვების ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას...ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და ალტერნატიული სერვისების გაძლიერება მცირე საოჯახო სახლების სახით. დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე ყველასთვის", - თქვა თამარ ბარკალაიამ.

თუმცა ამავე შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პანსიონის დახურვაზე საუბარი არ ყოფილა და რომ შეთანხმდნენ სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG