Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: შეუსრულებელია შშმ პირთა უფლებების კანონით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი


14 ივნისს - საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე - 2020-2021 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება განსაზღვრა. თუმცა, შშმ თემის მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად, კანონში შესაბამისი ვალდებულებების დაწესებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკის ჩარჩო დროულად შემუშავებულიყო.

„საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი[1] - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ავტორები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შემდეგი ღონისძიებების გატარებას სთხოვენ:

საქართველოს მთავრობას:

  • უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების (მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირების) აქტიური ჩართულობა;
  • უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს;
  • შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს;
  • განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს პარლამენტს:

  • შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია.

განცხადებას ხელს აწერს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია და შშმ პირთა უფლებების დამცველი 5 აქტივისტი. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG