Accessibility links

site logo site logo

ნათია თურნავა ასახელებს წინაპირობას, რა შემთხვევაშიც მოიხსნება გუმათში რკინის ჯებირები


Georgia -- Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, Natia (Natela) Turnava.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთაგან გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სოფელ გუმათში რკინის ჯებირები მოიხსნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, იქ მყოფ სამართალდამცავებს "არ უხარიათ" და "არ სიამოვნებთ" ყოფნა, თუმცა მოქმედებენ უსაფრთხოების ზომების დასაცავად.

"როგორც კი ჩვენ გვექნება, თუნდაც, წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და არ მოხდება კომპანიის მუშაობის ხელის შეშლა, არ მოხდება თანამშრომლებზე ზეწოლა, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება [მოიხსნება ჯებირები]. იქ არის საწყობი ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი. თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ორი დღის წინ "რიონის ხეობის მცველებსა" და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ჩართულობით, მედიაციისთვის პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა თქვეს, კვირის ბოლომდე სოფელ გუმათში რკინის ჯებირები აღარ უნდა იყოს - ამაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა მხარეებს შორის მედიაციის პროცესი.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG